კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ:

– „მსხვილი კომპანიები ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს. რაც მათ ანიჭებთ საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე და რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს და რომ ამგვარი ინტეგრაცია ევროპის რიგ ქვეყნებში – მათ შორის ქსელური აფთიაქების ფლობაც კი აკრძალულია“.

ანგარიშში დაზუსტებულია ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვით მოსალოდნელი სიკეთეები – „სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე“.

სწორედ ამ საკითხზე პოზიციის გამოსახატად მივმართეთ სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალურ დირექტორს ვასილ ახრახაძეს.

ბატონო ვასილ, როგორც მედია საშუალებებისათვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის არის ცნობილი, არაერთი წელია საუბრობთ ამგვარი ჰოლდინგების საქმიანობით გამოწვეულ უარყოფით გავლენებზე, ზოგადად ბაზარზე და საბოლოოდ მომხმარებელზე, როგორ ფიქრობთ რეკომენდაციების მთავრობის მხრიდან გათვალისწინების შემთხვევაში, რა შეიცვლება?

დიახ, ჩვენი გუნდი, კომპანიის დაარსების დღიდან ვცდილობთ მომხმარებლამდე მივიტანოთ ერთი მარტივი მესიჯი, რომ უნისონი არის დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანია. სამწუხაროდ ამის შემდეგ გვიწევს ვრცლად ავხსნათ რა იგულისხმება ამ სიტყვის უკან, რომ ჩვენ არ ვართ აფილირებულნი სამედიცინო თუ ფარმაცევტულ სექტორებთან, შესაბამისად არ გვაქვს ინტერესი ჩვენს დაზღვეულს სამედიცინო პროვაიდერებში გამოუწერონ იმაზე მეტი წამალი, ვიდრე რეალურად სჭირდებათ და ან უსასრულოდ ვატაროთ ექიმებთან და რომ ჩვენ ორიენტირებულნი ვართ დაზღვეულის ჯანმრთელობაზე და არა იმაზე, რომ სადაზღვეოსთვის წამგებიან ფასად რეალიზებული სამედიცინო დაზღვევის პოლისით მოზიდული კლიენტის ხარჯზე მოგება ვნახოთ სამედიცინო ან ფარმაცევტულ სექტორში. მარტივი სტატისტიკით რომ შევაფასოთ სიტუაცია საქართველოში რეგისტრირებულია 10000-მდე აფთიაქი, რაც იმაზე მეტია წარმოიდგინეთ ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში ერთად აღებული. რაზე მიუთითებს ეს, რომ ყველაზე დაავადებული მოსახლეობა გვყავს მსოფლიოში, ამდენი აფთიაქი რომ გვჭირდება? რა თქმა უნდა, არა ! ეს არაჯანსაღი ბაზრის მოდელისა და უკონტროლობის შედეგია, რასაც ზემოდან ემატება არანორმალური ფასწარმოქმნა.

მივესალმებით, რომ ჩვენი პოზიცია თანხვედრაშია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშთან და სრულად ვეთანხმებით სარეკომენდაციო ნაწილს, რომელიც ცალსახად ემსახურება კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას და მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებს. მნიშვნელოვანია მთავრობას კარგად ესმოდეს, რომ მოსახლეობისათვის გაიაფებული ფარმაცევტული სერვისის მიწოდებისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა ბაზარზე, და არა ჰოლდინგური კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმა.

ჩვენ, ჩვენის მხრივ მივმართავთ თხოვნით დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოახდინოს ინიცირება, დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიების ფლობას ფარმაცევტული კომპანიების და მათი დამფუძნებლების მიერ. ზუსტად ანალოგიური პრობლემა დგას ბანკებთან დაკავშირებით და კარგი იქნება თუ ეს ერთ საკანონმდებლო ინიციატივის ქვეშ მოექცევა დროულად.

აშკარაა რომ ყინული დაიძრა და ამ მიმართულებით სასიკეთო ცვლილებებს ყველა ერთად უნდა დაველოდოთ. ჰოლდინგურად ურთიერთკავშირებული პრინციპით უნდა შეიზღუდოს და გამოირიცხოს ანგარიშში ნახსენები „ანგარებიანი ურთიერთობა“ კლიენტის ინტერესების წინააღმდეგ, რითაც ჩემი ინტერვიუ დავიწყე და რომ ამგვარ ინტერესთა კონფლიქტში ზარალდება მომხმარებელი, რომლის სწრაფად გამოჯანმრთელება არ არის იმ სადაზღვევო კომპანიის ინტერესში რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ კომპანიასთან. ამდენად, უმნიშვნელოვანესია სარეკომენდაციო ნაწილის მე-7 პუნქტი: რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, არაერთგზის აგვიმაღლებია ხმა, ჰოლდინგური კომპანიების ყველა ზემოთდასახელებულ უარყოფით გავლენაზე და ამ დრომდე უშედეგოდ, ამჯერად დაგვეუფლა განცდა, რომ უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება სურათი და შესაბამისად მოგებული დარჩება მხოლოდ მომხმარებელი, რიგითი მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის სადარაჯოზეც, როგორც ყოველთვის, კვლავ დარჩება სადაზღვევო კომპანია უნისონი.