სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ მიესალმება PSP-ს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, არაპროფილური ბიზნესებიდან გასვლის თაობაზე.

კარგი იქნება, თუ ეს ნაბიჯი მისაბაძი დარჩება, სადაზღვევო სექტორში მოქმედი სხვა ბიზნეს სუბიეტებისთვისაც, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას და ბაზრის დეპოლარიზაციას.

უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია რომ მსგავსი ინიციატივები კონკრეტულ ბიზნესმენთა გადაწყვეტილებაზე კი არ იყოს დამოკიდებული, არამედ საკანონმდებლო გარემო გვკარნახობდეს ამ ჩარჩოებში მოქცევის ვალდებულებას, რომ სექტორში დომინანტურ პოზიციაში ჩადგომის საშუალება არ მიეცეს არცერთ კომპანიას. პირველ რიგში აღნიშნული საბანკო ჰოლდინგურ ჯგუფებს უნდა შეეხოს, რომელთა არაპროფილური ინვესტიციების და ბიზნეს ინტერესების დომინირების გამო, სადაზღვევო სექტორი პრაქტიკულად საბანკო სექტორის სატელიტად ჩამოყალიბდა. დღეს არსებული ბიზნეს მოდელი სრულ წინააღმდეგობაშია განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან და მომხმარებლის ინტერესების დაცვასთან. მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე, კონკურენციის სააგენტოს დასკვნებიც გამოქვეყნდა. შექმნილი გარემოება მნიშვნელოვნად აფერხებს ქართულ სადაზღვევო სექტორში უცხოელი ინვესტორების შემოსვლას, ვინაიდან მარტივად შესაფასებელია საფრთხეები: – „თუ არ ხარ ბანკთან და ან სამედიცინო / ფარმაცევტულ ბიზნესთან აფილირებული, მოგიწევს არაჯანსაღ კონკურენციაში ჩართვა და შედეგად ბაზრიდან განიდევნები“.

ჩვენ არაერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში კენჭისყრაზე, მაგრამ მხარდაჭერა ვერ პოვა, ვინაიდან უმეტესი კომპანიების ბენეფიციარი/მესაკუთრეები სწორედ ბანკებსა და ლიცენზირებად სამედიცინო ფარმაცევტულ ჰოლდინგებს წარმოადგენენ და რათქმაუნდა, პირადი კომფორტის ზონას ასე მარტივად არ დატოვებენ, ამიტომ ჩვენ დავტოვეთ სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია, რომლის შექმნის და არსებობის მთავარი მიზანიც უნდა ყოფილიყო (უნდა იყოს) სადაზღვევო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, სამართლიანი ფასწარმოქმნისა და რისკების მართვის სწორი პოლიტიკის მხარდაჭერა და ა.შ. და არა დომინანტად ქცეული, საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის ინტერესების დაცვა და ამით ჭეშმარიტი პოზიციების უგულვებელყოფა და ან უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ ჩუმად ყოფნა.

ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის, სამართლებრივი მექანიზმებით გადაჭრის გზების მოძიებისათვის – განაცხადა სადაზღვევო კომპანია უნისონის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ახრახაძემ.