საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით

06.09.2017

 

 

  სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ უკვე რამდენიმე წელია ღიად აფიქსირებდა სხვადასხვა  „შემსყიდველის“ (ბენეფიციარის) მხრიდან, სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიღებისა და აღიარების ნაწილში პრობლემებს, რომელიც აშკარად შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის, მომხმარებლისათვის არჩევანის წართმევისა და ბანკებისათვის უპირატესი უფლებების მინიჭების ნიშნებს.

 

  მიუხედავად იმისა რომ პრობლემა სრულიად სადაზღვევო სექტორს შეეხებოდა, უნისონი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც, ზემოაღნიშნულის დადგენის მიზნით  მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მჭიდროდ ითანამშრომლა მასთან.

 

  შედეგად საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მორიგი, სამართლიანი და ეფექტური გადაწყვეტილებით, დადგინდა რომ რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; ბათუმის მერია; ხაშურის მუნიციპალიტეტი; თბილისის მერია;  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი) ადგილი აქვს კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევას.

 

  ვფიქრობთ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო რეკომენდაციის ხასიათს ატარებს,  მნიშვნელოვნად დაეხმარება სადაზღვევო ინდუსტრიას აქტიურად ჩაებას  ჯანსაღი კონკურენციის პროცესში და ერთ-ერთი წარმატებული და მომხმარებლისათვის მიმზიდველი მიმართულება კიდევ უფრო განავითაროს.

 

  ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემო კიდევ უფრო გაჯანსაღდება. მძაფრ კონკურენციაში ჩაბმული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ეცდებიან „საბანკო გარანტიების“ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შესთავაზონ  ბიზნესის იმ წარმომდგენლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში. ეს გარდა პროდუქტზე ხელმისაწვდომობისა, მათ მისცემთ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას, რომელიც ამ დრომდე ფაქტიურად წართმეული ჰქონდათ.

 

  სადაზღვევო კომპანია უნისონი მიესალმება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, სრული მზაობა გაგვაჩნია  ბაზარს შევთავაზოთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ხარისხიანი პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პირობებით.