ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს, ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების სასარგებლოდ ბაზარზე შექმნილი არაკონკურენტუნარიანი გარემოს გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკვე წლებია თვალში საცემია, ბანკების ექსპანსია ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით სადაზღვევო სფეროში.
„დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სადაზღვევო სფეროში ინვესტორების შემოსვლის ინტერესი მოკლა. ბანკებთან აფილირებული რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის დომინირებით, ქვეყანაში დაზღვევის სავალდებულო სახეობების შემოღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, გამოირიცხება დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიების ჯანსაღ კონკურენციაში ჩართვის შესაძლებლობა“, -ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბანკის მესვეურები კრედიტის აღებისას პირდაპირ ვაჭრობენ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ნიშნულითა და მათთვის სასურველ სადაზღვევო კომპანიებში, უზრუნველყოფის საგნისა და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პროცენტებით, რის შედეგადაც ბანკის სასარგებლოდ გაცემული პოლისების 90% ბანკთან დაკავშირებულ კომპანიაზე მოდის.
„პოტენციური მსესხებელი უმრავლეს შემთხვევაში ბანკის მძევალი ხდება, რომელსაც ერთადერთი არჩევანი აქვს ან უარი თქვას მრავალ ბიუროკრატიულ ბარიერგამოვლილ საკრედიტო რესურსზე ან დათანხმდეს ბანკის მიერ შეთავაზებული სადაზღვევო კომპანიის მომსახურებას. მისი ფასი კი შეიძლება თავისუფალი კონკურენციით დადგენილს 2-ჯერ აღემატებოდეს.
გარდა ამისა, ბანკებთან ამგვარი ურთიერთობით წახალისებულ სადაზღვევო კომპანიებს ხელი მიუწვდებათ საფინანსო კომპანიებში დაცულ მომხმარებელთა ბაზებსა და მათ პერსონალურ მონაცემებზე, რაც მომხმარებლის უფლებების უხეში დარღვევის გარდა, პირდაპირ მიუთითებს ბაზარზე მოქმედი და ბანკთან არააფილირებული სადაზღვევოებიდან კლიენტების მიტაცების საფრთხეებზე. აღნიშნული საფრთხის გამო, სადაზღვევო კომპანიები იძულებული ხდებიან, ანგარიშებიც კი დახურონ იმ ბანკებში, რომელთაც მათ სექტორში პირდაპირი ინტერესები გააჩნიათ“, – განმარტებულია განცხადებაში.
სადაზღვევო კომპანიები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ახალი რეგულაციის შემოღებას ითხოვენ. მათი თქმით, შესაძლებელია დაზღვევის მარეგულირებელი ნორმებით, მკაფიოდ გაიმიჯნოს, საბანკო და სადაზღვევო სფეროში ფინანსური ინტერესები, რაც მეტი თავისუფალი არჩევანით სარგებლობის უფლებას და კონკურენციის გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.
სადაზღვევო კომპანიები თავის მიმართვაში, პრობლემის გადაჭრის, ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებულ, მექანიზმებზეც ამახვილებენ ყურადღებას, კერძოდ:
- შეიზღუდოს (აიკრძალოს) ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან სადაზღვევო კომპანიების ფლობა და მათ შორის სტრუქტურული კავშირები;
- შეიზღუდოს (აიკრძალოს) ფინანსური ორგანიზაციების ადმინისტრატორთა ანაზღაურების სქემაში დაზღვევიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
სადაზღვევო კომპანიების განცხადებით, ცვლილებების გატარების შემთხვევაში ბაზარი მეტად კონკურენტუნარიანი გახდება და შეძლებს მეტი სიკეთე დააგენერიროს ქართულ ეკონომიკაში.