ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო განწყობაც მატულობს. გარშემო ყველა დეტალი მიგვანიშნებს, თუ რას ზეიმობს დედამიწა.
ალბათ, ბავშვობაში შენც წარმოიდგენდი ჯადოსნურ ჩრდილოეთ პოლუსს, საახალწლო სამზადისს, სანტა კლაუსს თავის ელფებთან ერთად… და მთელი წლის განმავლობაში შენც სანაქებოდ იქცეოდი, რომ ‘კარგი ბავშვების სიაში’ მოხვედრილიყავი?
ასაკის მატებასთან ერთად წარმოდგენები გვეცვლება და ბავშვობის ეს ჯადოსნური ეტაპი თითქოს ერთიანად ჩამოიშლება. შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდებით იმ მშობლების ამპლუაში, სანტა კლაუსის შესახებ დასმული ჩამჭრელი კითხვები ყველაზე მეტად რომ აშინებთ ხოლმე. ალბათ, ამ დროს მხოლოდ გულის სიღრმეში გვრჩება უმნიშვნელო იმედი – იქნებ, მართლა არსებობს…
სანტა კლაუსი მართლა არსებობს
ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ქალაქ მირაში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რომელსაც მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მემკვიდრეობით დიდძალი ქონება ერგო. ის მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს სწყალობდა.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი გაჭირვებული კაცი, რომელსაც სამი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა. ოჯახი სიღარიბის გამო მზითევის მოგროვებას ვერ ახერხებდა, იმ დროისთვის კი მზითევის გარეშე გათხოვება წარმოუდგენელი ამბავი იყო. მათი სიდუხჭირის შესახებ მთელმა ქალაქმა იცოდა, მაგრამ მამა დახმარებას ვერავის სთხოვდა, ამიტომ ნიკოლოზმა ოჯახს სამი ოქროთი სავსე ტომარა ჩუმად ჩაუგდო ბუხრის საკვამურიდან. ამის შემდეგ მისი სახელი მოულოდნელი საჩუქრის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა,
მოგვიანებით კი ის თავმდაბლობისა და კეთილშობილების გამო წმინდანად შერაცხეს და დღესდღეობით მას წმინდა ნიკოლოზის (St. Nicholas) სახელით ვიცნობთ.
საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ეს ლეგენდა მოგვიანებით კვლავ გააცოცხლეს ჰოლანდიელმა მოგზაურებმა, რომლებმაც აშშ-ში წმინდა ნიკოლოზის ისტორიების მოყოლა დაიწყეს. ამრიგად, გაჩნდა საშობაო გმირი Sinterklaas, რომელსაც სხვაგვარად სანტა კლაუსსაც უწოდებდნენ.
ათეულობით წელი დასჭირდა საზოგადოების მეხსიერებაში სანტა კლაუსის სახის ჩამოყალიბებას. ამ პროცესში პირველი გახლდათ კლემენტ კლარკ მური (Clement Clarke Moore) – ამერიკელი მწერალი, რომელმაც 1823 წელს ანონიმურად გამოაქვეყნა პოემა სახელწოდებით „წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა“ ან სხვაგვარად “შობის წინა ღამე“. მაშასადამე, სანტას გარეგნობა, მარხილი, მფრინავი ირმები, საკვამური და ბუხართან ჩამოკიდებული საახალწლო წინდები მისი შემოქმედებითი დამსახურებაა.
შემდგომში 1931 წელს კოკა-კოლამ მასშტაბური საახალწლო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც სურდა სანტა კლაუსის სიმბოლური და ამავდროულად რეალისტური იმიჯი შეექმნა. ეს საპასუხისმგებლო საქმე დაევალა მიჩიგანელ ილუსტრატორ ჰედონ სანდბლომს (Haddon Sundblom), რომელმაც ინსპირაციისთვის კლემენტ კლარკ მურის ზემოთ აღნიშნულ პოემას მიმართა. ამრიგად, ამერიკელი მწერლის მიერ აღწერილი თბილი და მეგობრული წმინდა ნიკოლოზი ილუსტრატორის შთაგონების წყაროდ იქცა და ასე შეიქმნა სანტა კლაუსი – ის წითელ სამოსში გამოწყობილი, თეთრწვერიანი კაცი, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს.
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ხომ შეიძლება, სანტაც აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინაშე. მაგალითად, წარმოიდგინე, რა მოხდება, შობის ღამით სანტას რომ მარხილი გაუფუჭდეს. რასაკვირველია, მის გარდა საჩუქრებს ვერავინ დაარიგებს და საშობაო ჯადოქრობა, რომელსაც მილიონობით გულანთებული ადამიანი ელოდება, ჩაიშლება.
არ იდარდო, შეხვდი ახალ წელს მშვიდად!
ქალაქში ჭორები გავრცელდა, რომ სანტა კლაუსი უნისონის დაზღვევით სარგებლობს, შესაბამისად, ჯადოსნურ დღესასწაულს საფრთხე არ ემუქრება.
და შენ გჯერა, რომ ახალ წელს როგორი განწყობითაც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნება?