ავტომობილით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რომელთა გამოწვევაც თითქოს უმნიშვნელო დეტალებს შეუძლიათ. ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ზამთრის პერიოდში ადასტურებს, რომ ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია მისი ზამთრის საბურავებით აღჭურვა.
ავტომობილის მართვისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის და საყურადღებოა, რომ ის კლიმატურ პირობებზე იყოს მორგებული. სეზონურობის მიხედვით გამოყოფენ სამი ტიპის საბურავს:
- ყველა სეზონის საბურავი (All-Season Tire)
- ზაფხულის საბურავი (Summer Tire)
- ზამთრის საბურავი (Winter Tire)
სეზონური საბურავების შესაცვლელად რეკომენდირებული ტემპერატურა არის 7°C, რაც გულისხმობს იმას, რომ 7°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მიზანშეწონილია ავტომობილის ზამთრის საბურავებით აღჭურვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რთულ კლიმატურ პირობებში ყველა სეზონის საბურავები არ არის ისეთი საიმედო, როგორიც ზამთრის საბურავები. ის განსხვავებული შემადგენლობით, სტრუქტურითა და პროტექტორის ნახატით უზრუნველყოფს მოცურების მინიმალურ ალბათობას, უკეთეს სამუხრუჭე შესაძლებლობებსა და მოჭიდებას მოყინულ და თოვლიან გზაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წლებში საკმაოდ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი.
კანონპროექტი ითვალისწინებს პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.
სამართალდარღვევის შემთხვევაში სანქციად დაწესდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება. ასევე, მძღოლს შესაძლოა შეეზღუდოს კანონით განსაზღვრულ ზონებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ან საქმის განხილვამდე ჩამოერთვას ავტომობილი და განთავსდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. გასათვალისწინებელია, რომ სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება სამართალდამრღვევს და ავტომობილი მესაკუთრეს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ.
რაც შეეხება ზამთრის საბურავებს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
- საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
- საბურავზე წაკითხვადი უნდა იყოს მისი დამზადების თარიღი;
- საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმე უნდა იყოს:
- არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
- არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
- საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი
- M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი.
გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6040563?publication=0
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია.
უნისონი – შენი უსაფრთხოებისთვის!